Slim Tea –ჩემი ექსპერიმენტის შედეგი

მე იმ გოგოების კატეგორიას მივეკუთვნები, ვინც თვლის, რომ წონის პრობლემა აქვს; ვინც ღამით ჭამას ყოველთვის ერიდება; ვისაც შეიძლება სინდისმა შეაწუხოს ფაფუკი, შოკოლადისკრემიანი კრუასანის ჭამის გადაწყვეტისას; ვინც დიეტური პიცის რეცეპტი უკვე დატესტა და მოკლედ, ვინც თვლის, რომ უფრო ლამაზი და ჯანმრთელი იქნება თუ რამდენიმე კგ–ს დაიკლებს. გასახდომად არასდროს მიმიღია სასწაულმოქმედი კოქტეილები, აბები და არასდროს დამიცავს სახიფათო დიეტები. მას შემდეგ მაინც, რაც მე–11 კლასში წიწიბურას დიეტის მე–2 თუ მე–3 დღეს გული წამივიდა და იატაკზე გავიშხლართე. წიწიბურას დიეტის მე–3 დღე ჩემი არაჯანსაღი დიეტის მაქსიმუმი იყო. უფრო მეტად არასდროს შემიტოპავს. თუ დაკლებაზე ვზრუნავ, ისევ იმისთვის, რომ თავი უკეთ ვიგრძნო. მირჩევნია 10 კგ–ით მეტი ვიყო, ვიდრე თავი დავიავადმყოფო წონაში კლების საეჭვო  გეგმების განხორციელებით.  ჰოდა ასე,  ჯანსაღი, მარტივი და საჩემო მეთოდების ძიებაში ვარ. რამდენიმე კარგი საშუალებაც აღმოვაჩინე, მაგრამ ისევ ვეძებ. რამდენიმე ცოტაა, როცა უამრავი გემრიელობა არსებობს.

ამ ექსპერიმენტებით სავსე ძიების პროცესში ბევრჯერ წავაწყდი გასახდომ ჩაის სუპერმარკეტების დახლებზე. მაქსიმუმ 10 ლარამდე ღირს, სხვადახვა გემოთია, სხვადასხვა შეფუთვით. ადვილად იქცევს ყურადღებას წარწერით Slim Tea და თითქოს ამ წარწერის დასტურით: შეფუთვაზე გამოსახული წვრილწელიანი გოგოთი. ერთხელაც დავინტერესდი და ყველაფერი წავიკითხე რაც კოლოფზე ეწერა. 100% ნატურალური და მცენარეული. რამდენიმე ტიპის ჩაის ნარევი. სასიამოვნო გემო. აჩქარებს ნივთიერებათა ცვლას და გეხმარება ცხიმების წვაში. ჰმ… რაღაც ცუდად და მომწამვლელად არაფერი ჟღერს, არა? კიდევ ბევრჯერ ავუარ–ჩავუარე. ბოლოს გადავწყვიტე მეყიდა. დავიცავი კოლოფზე მითითებული მიღების წესები და ეს იყო ჩემი დასკვნა:

პირველ დღეს ძალიან ჩქარდება ნივთიერებათა ცვლა. შეიძლება კუჭის აშლილობა დაგემართოს. სითხისგან იცლები.

მეორე დღეს ინარჩუნებ ამ სიჩქარეს. ოდნავ მადა გიქვეითდება და ფიქრობ, იქნებ მართლა გეხმარება გახდომაში?

მესამე დღეს ეჩვევი ჩაის და ნივთიერებათა ცვლა უბრუნდება ძველ რეჟიმს.

მეოთხე დღეს ორგანიზმი თითქოს დაღლილია წინა დღეებით და საკმაოდ ნელი მეტაბოლიზმი გაქვს.

მეხუთე დღეს გაწუხებს ძალიან ნელი ნივთიერებათა ცვლა, აღარც ჩაის გემო მოგწონს და სასწორმაც დაკლების ნაცვლად შეიძლება 1 კგ–მდე მომატება გიჩვენოს, წყლის დაგროვების და ნივთიერებათა ცვლის შეფერხების გამო.

მეექვსე დღეს ისევ შენელებული მეტაბოლიზმი. დღის ბოლოს სამუდამოდ წყვეტ ერთ–ერთი ყველაზე უაზრო და არაეფექტური პროდუქტის მიღებას.

საბოლოო დასკვნა: გასახდომი ჩაი გასახდომად არ გამოდგება.

 P.S. ექსპერიმენტი ჩავატარე 2–ჯერ, სხვადასხვა მწარმოებლის გასახდომ ჩაიზე.

2 comments

  1. ძიებაში ვარო და რუსული თუ გესმის ამ ადამიანის ლექციებს ჩაუჯექი… სხვეულის იდეალურ წონამდე დაყვანა ერთ-ერთი უმნიშვნელოა იმ სიკეთეებიდან, რასაც მისი რჩევების გათვალისწინებას მოჰყვება…

    Like

დატოვე კომენტარი