შრომის კოდექსი: საქართველოს პლებეური ცრუ აქტი. კარი I ცრუ ვაკანსია

ამბავი, რომლის შესახებაც ყველამ იცის: საჯაროდ გამოცხადებული ვაკანსიებიდან ძალიან ცოტაა რეალური. დასაკავებელი თანამდებობისთვის შესაბამისი კადრი ვაკანსიის გამოცხადების დღისთვის უკვე არჩეულია ან ვაკანსიის გამოქვეყნების შემდგომ “რეკომენდაციით” (ნეპოტიზმითა და ნაცნობობით) ირჩევა. ცრუ ვაკანსიაზე სივგაგზავნილთა ლუზერული (ფრესკოს მენეჯმენტის საყვარელი, თუ შესაბამისი სიტყვა) კლუბი კი იზრდება.

სხედან კლუბის წევრები კომპიუტერებთან, კითხულობენ მარკეტინგულად შეთხზულ ისტორიებს პირველ სამსახურებსა თუ სმარტ–ადამიანების დაპყრობილ კარიერულ მწვერვალებზე და ფიქრობენ: “იქნებ მე ვარ ნაკლებად ბრძოლისუნარიანი? იქნებ მეტი უნდა ვიწვალო, მეტი ვიშრომო, მეტად მოვინდომო და მეც მივაღწევ მიზანს?” შევლენ hr საიტზე და ძალიანაც მოინდომებენ, საგულდაგულოდ დამუშავებულ სივის გადაგზავნიან. მერე გასაუბრებისთვისაც მოემზადებიან. იქნებ დაიბარონ? გასაუბრებაზე დასაბარებლად ხომ მაქსიმუმ გასაუბრების წინა დღეს გირეკავენ, ხშირ შემთხვევაში კი გასაუბრების დღესვე? მთელ ენერგიას დებენ ამ პროცესში და ოპტიმისტური განწყობით ელოდებიან ზარს დამსაქმებლისგან, რომელიც მათ არასდროს დაურეკავს ან დაურეკავს და ტყუილად აღლაბუცებს გასაუბრებაზე (თუ არ დაეზარა). ზოგი კლუბის წევრი ბოლომდე ებღაუჭება ძლივს შექმნილ ოპტიმიზმსა და იმედებს, აპროტესტებს გასაუბრებაზე დაუბარებლობას, კომიის გადაწყვეტილებას. მაგრამ  კომისიის წევრებს თავისუფლად შეუძლიათ: 1. დაიბარონ გასაუბრებაზე და “ჩაჭრან”. ასეთ დროს სპეციალურად ამზადებენ ჩამჭრელ კითხვებს “ინტრიგანი”კონკურსანტის სახლში გასაშვებად და თავიანთი კადრის დასატოვებლად (გგონიათ ერთხელ მაინც შეაწუხებთ სინდისი ამის გამო?); 2. თქვან, რომ კანდიდატი შეუფერებელი იყო თანამდებობისთვის ან თავიანთი კადრი იყო უფრო შესაფერისი (სივის გაბერვასაც არაფერი უნდა რომ დასჭირდეთ). ამ ყველაფრის შემდეგ ცრუ ვაკანსიაზე სივგაგზავნილთა ლუზერული კლუბის ნაბრძოლ–ნაწვალებ წევრს უწევს თავის მართლება (ხშირად საკუთარ თავთან), რომ ნამდვილად შესაბამის ვაკანსიაზე გააკეთა განაცხადი. ნამდვილად აკმაყოფილებდა ყველა პუნქტს. ნამდვილად არ ჰქონდა ცუდად შედგენილი სივი. ნამდვილად წარმოაჩინა თავისი მონაცემები. ნამდვილად დროულად გააგზავნა. ნამდვილად სწორად აქვს მობილურის ნომერი მითითებული სივიში. ნამდვილად ეძებს ვაკანსიებს. ნამდვილად წვალობს და ნამდვილად არ აქვს სურვილი ერთ ადგილას იდგეს, როცა ეს უკუსვლას ნიშნავს. ნამდვილად იცის, რომ სურვილი არ კმარა, მოქმედებაა მთავარი და კიდეც მოქმედებს. როდესმე ხომ გამოუვა? არ დანებდება!

ეს ისეთი რამაა, რასაც აუცილებლად გამოცდი, თუ საქართველოში ცხოვრობ და იმ ადამიანთა ჯგუფს მიეკუთვნები,  პირველ რიგში ვისი უფლებების დაცვისთვისაც შეიქმნა შრომის კოდექსი და კოდექსის დამატებითი და შემავსებელი ცრუ აქტები. ერთ–ერთი ასეთი აქტია “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონიც, თავისი 29–ე მუხლით, რომლის თანახმადაც, პირი თანამდებობაზე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ კონკურსის შედეგად, გარდა რამდენიმე კანონით გათვალისწინებული საგამონაკლისო შემთხვევისა. ეს ის ნორმაა, რომელიც საფუძვლად დაედო სახელმწიფოსთვისაც კარგად ცნობილ ფაქტს ცრუ ვაკანსიების (კონკურსების) შესახებ; ეს ის სამართლიანი წესია, რომელიც დაუსჯელობასა და უსამართლო ჩვეულებებს შეჩვეული დამსაქმებლების ხელში ადამიანის ღირსებისა და პატივის შემლახავი პრაქტიკის სათავედაა ქცეული.

სხვა რაა, თუ არა ღირსებისა და პატივის შელახვა, როცა სახელმწიფოს სახელით გატყუებენ, აბუჩად გიგდებენ და გეუბნებიან, რომ შენ ვერ აკმაყოფილებ ვაკანსიით დაწესებულ მოთხოვნებს (როცა ყველა შენი არსებული–გაგზავნილი მონაცემით ვაკანსიის შესაბამისი ხარ) და წლების განმავლობაში იძულებით სიცრუეში გამყოფებენ, ცრუ ვაკანსიებზე გაკარგვინებენ დროს, ენერგიას და დაგცინიან, რომ შენ არავინ ხარ, არავის აინტერესებს რას წარმოადგენ და თავში ქვა გიხლია! ეს არის არაპირდაპირი, მაგრამ უდიდესი ზეწოლა, რომელიც პირდაპირ მოქმედებს ადამიანის ფსიქიკაზე. ეს არის ამორალური ქმედება, რომლისგანაც ცრუ აქტები თუ ვერა, საქართველოს კონსტიტუცია მაინც უნდა გვიცავდეს. მაგრამ საზოგადოება სავსეა არაკომეპეტენტური, ოდესღაც “რეკომენდაციაგაწეული” კადრებით, რომლებსაც, რა თქმა უნდა, არ აწყობთ კანონის აღსრულება და განაგრძობენ პრივილეგიებით თამაშს.

როდის ვიქნებით მეტნი, ვისაც ეს არ მოგვწონს?

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s